ალერგიის შესახებ

ალერგია (ბერძნ. რეაქცია უცხოზე) - მომატებული მგრძნობელობაა ორგანიზმში ან გარემოში არსებული სპეციფიური ნივთიერებების - ალერგენების მიმართ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიის გავრცელება ორჯერ გაიზარდა. ეს დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან: ეკოლოგური სიტუაციის გაუარესებასთან, ცხოვრების წესის და კვების რეჟიმის ცვლილებასთან, ახალი ალერგენების გამოჩენასთან, სტრესთან, სამუშაო პირობებთან და სხვ.

ალერგია - ეს არ არის დაავადება, ეს არის სხვადასხვა დაავადების ერთობლიობა, რომელთა საფუძველიც არის საერთო პათოლოგიური პროცესი. ალერგიული რეაქციის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს ადამიანის იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს საშიში და უცხო ელემენტებისგან. იმუნური სისტემის მოქმედების მექანიზმი ძალიან რთულია, მის საფუძველს წარმოადგენს ანტისხეულების წარმოქმნა მავნე ელემენტების ნეიტრალიზაციისთვის ადამიანის ან ცხოველის სისხლში.

ალერგიის შემთხვევაში ორგანიზმის მცველი – იმუნური სისტემა - სცდება დასაშვები თავდაცვის აშკარა ზღვარს. იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებებს ორგანიზმისთვის საშიშად თვლის, იმუნიტეტი იწყებს თავდაცვას, მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ ნივთიერებაზე. იმუნური სისტემის ამგვარ აგრესიულ პასუხს გარემოს ფაქტორებზე უწოდებენ ალერგიას (მომატებული მგრძნობელობა) - ხოლო ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ამგვარ არაადექვატურ რეაქციას, ეწოდება ალერგენები.

ალერგიის გამოვლინება

ალერგია ვლინდება სხვადასხვაგვარად, იმის მიხედვით, თუ ადამიანის რომელი ორგანოა უფრო ჩართული (ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების კომბინირება). თვალების ალერგიული დაზიანება - ალერგიული კონიუნქტივიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული დაზიანება - ალერგიული სურდო (რინიტი), ბრონქების ალერგიული დაზიანება - ბრონქული ასთმა, კანის ალერგიული დაზიანება - ჭინჭრის ციება. 

ალერგიასთან ბრძოლა

ალერგიის გამოვლინებამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ყოველდღიური საქმიანობა. ამიტომ ალერგიაზე ეჭვის შემთხვევაში, ოჯახის ექიმთან ან ალერგოლოგთან კონსულტაციისთვის, მნიშვნელოვანია გარემოს შეფასება, შესაძლო ალერგენების ან გამღიზიანებლების განსაზღვრა, სიმპტომების განვითარების დროის და მათი ხანგრძლივობის და, აგრეთვე, ცხოვრების ხარისხზე მათი მოქმედების შეფასება. ალერგიის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი პროფილაქტიკაა. ეს ნიშნავს ალერგენის ცოდნას და მასთან კონტაქტისგან მაქსიმალურად თავშეკავებას.